Saturday, August 3, 2013

ჩემი წლიური ანგარიში

უფ რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.
არ მიყვარს პოსტაობა და თითქოს ინტერნეტსაც ნაკლებად ვუზიარებ ჩემს შეხედულებებსა თუ პირად ინფორმაციებს.
პოსტის დაწერის იდეა კი, ორი დღის წინ გამიჩნდა. გუშინ ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ჩემი მეორე სამშობლოდან საბერძნეთიდან დავბრუნდი. ერთი წელი, ვისთვის ბევრი და ვისთვის არაფერი. ჩემთვის კი ნამდვილად გრძელი ერთი წელი, ვინაიდან წინა წელი აბსოლუტურად სხვა სამყაროში გავატარე. სამყაროში სადაც არ არის ქაოსი, არეულობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჭიდილი. ეს მე როგორც სტუდენტს არასოდეს მიგვრძნია. სადაც არ არის, დარდი, ვალები, შიმშილი და მგონი სიკვდილიც კი :) ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ სალონიკში, საბერძნეთის ყველაზე ახალგაზრდულ ქალაქში სიკვდილი აღარ არსებობდა :) თუმცა ეს სხვა თემაა...
დავბრუნდი და უკვე ერთი წელია ისევ იმ ქალაქში დავაბიჯებ, სადაც მთელი 26 წელი გავატარე. თელავი - ეს ჩემი ქალაქია. სადაც არ უნდა გავექცე, რამდენადაც არ უნდა დავიწუნო და ავითვალწუნო, ჩემია. დაბრუნებისთანავე შევურიგდი ამ აზრს და შევეცადე ნაყოფიერად მაინც გამეტარებინა დრო თითქოსდა უნაყოფო და პროვინციულ ქალაქში. იმედია თელაველები არ მიწყენენ, რას ვიზავთ ასეა მეგობრებო, ეს ქალაქი ერთი  ჩვეულებრივი პროვინციული ცენტრია. თუმცა ესეც სხვა თემაა. . .
ერთლიანი მუშაობის შეჯამება ერთგვარი აზრზე მოსვლის საშუალებას წარმოადგენს ჩემთვის. აი ისეთ ილია რომ ამბობდა: "ყოველ ღამეს შენ თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგეო".მე კი  დღე წელზე დავახურდავე. ჩემი წლიური ანგარიში იქნება პირველ რიგში ანგარიში საკუთარ თავთან, საკუთარ მესთან -  რა გამომივიდა და რა, არა. ეს არის  სარკე და კარგი იქნებოდა მსგავს ანგარიშებს თუ ხშირად ჩავაბარებთ ყოველი ქართველი საკუთარ თავს, ოჯახს და მეგობრებს. ეს ჩვენ ტრადიციულ ქართულ უთავბოლობას ბოლოს მოუღებს, ვინ იცის იქნებ ორგანიზებულობის უნარმაც გაიღვიძოს და სწორად დაგეგმვისა და სწორად გადაწყვეტის ნიჭიც გაგვიძლიეროს ქართველებს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მტკიცედ გადავწყიტე, ყოველი წლის აგვისტოს პირველ კვირას გავაანალიზო გასული ერთი წელი და მისით მიღებული დასკვნებით დავგეგმო ახალი. ;)
სიტყვა გამიგრძელდა და მოდი გადავალ მთავარ თემაზე. ხოლო ტრაბახში რომ არ ჩამომერთვას, დავწერ მხოლოდ მშრალ ფაქტებს ყოველგვარი კომენტარების გარეშე. ;)

სამსახური:
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრაფიკული უზრუნველყოფა (ბროშურები, ბუკლეტები, ბანერები, სიგელები) 
წიგნი "დედლაინი" - კომპიუტერული უზრუნვეყოფა, დაკაბადონება
უნივერსიტეტის ვებ-გვერდის რეორგანიზაცია, ფოტო მასალით უზრუნველყოფა
უნივერისტეტის სარეკლამო აქციები სკოლებსა და  სოციალურ ქსელში
კინო კლუბის დაარსება და ყოველკვირეული კინო სეანსები


EXTRA სამუშაო

ვიდეო:
გოუ ჯგუფი - დოკუმენტური სერიები "თელავური სერიების" ახალი სერია
კახეთის სამოქალაქო ლიგა - დოკუმენტური ფილმები პროექტებზე -"მე საქართველოს მოქალაქე ვარ" და "ახმეტის ახალგაზრდა პოლიტიკოსები"


ღონისძიებები:
თელავის ახალი წლის კონცერტი - წამყვანი
რჩეული მარანი - საახალწლო ღამე - წამყვანი
საქართველოს ბანკის და იუსტიციის სახლის VIP  წვეულებები - ორგანიზატორი, წამყვანი
ანსამბლი გრაციის კონცერტი - წამყვანი

ტრენინგები:
NIMD-ის დემოკრატიის სკოლის მესამე გამოშვება - მსმენელი
UNDP-ის ტრენერების ტრენინგების ციკლი "მამაკაცური საუბრები"

ჰობი:
მუსიკა და ვიდეო
Seqtori 03 - ის სიმღრების დისკოგრაფია
Seqtori 03 - ის და ხოსეს სამი ვიდეო კლიპი (სცენარი, რეჟისურა) და პრომოუშენი 
Seqtori 03 და მე -  სიმღერა  "შენ თუ მე"
გიტარის შესწავლა

http://youtu.be/oymnUiplgeo

პოეზია

ახალი ლექსები და პოეზიის საღამოები

ბერიკები
პროექტის იდეა, ქასტინგი, ფოლკლორული პიესა 
სხვადასხვა ღონისძიებები ბერიკებთან ერთად
პიარ მენეჯმენტი, პროდიუსინგი, სიმღერა - ბანი



პროგრამები
Adobe Illustrator
Adobe Premiere


ესენია პროექტები თუ აქტივობები რაც მე ერთი წლის მანძილზე განვახორციელე. ზოგიერთი მათგანი გამოვიდა (ბერიკები), ზოგიც არა (უნის კინო კლუბი). ზოგი უკვე დამთავრდა (დოკუმენტური ფილმები) და ზოგიც გრძელდება (გრაფიკული კომპიუტერის და გიტარის შესწავლა). თუმცა ჩემთვის მთავარია, რომ აქტიურად ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. ამას ვინმეს თავის მოსაწონად კი არ ვაკეთებ არამედ იმისთვის, რომ თავი ვიგრძნო ბედნიერად. რომ დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მეც შემიძლია რაღაც, რომ ამ ქალაქშიც შეიძლება რაღაცის კარგად კეთება, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა და სხვაზე დამოკიდებულება და სხვის ხელებში ყურება დამღუპველია.
ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები მარტო არ შემიქმნია და მინდა ყველას ვინ გვერდით მედგა გულთბილი მადლობა გადავუხადო. იმედია ჩვენ კიდევ ბევრს შევქმნით ერთად. შევქმნით ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისა თუ ქვეყნისთვის და იმედია რომ არცერთ ჩვენთაგანს საზღვარგარეთ გასაქცევად არ ექნება საქმე. მე პირადად არ ვაპირებ წავიდე, რადგან ვგრძნობ რომ დღეს თელავი ჩემზე, ჩემს თაობაზე და ჩემს მეგობრებზე დგას. თელავი, რომელსაც ისევე უჭირს როგორც ყველა სხვა პროვინციულ ქალაქს, მაგრამ აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც იმედს იძლევა, რომ ის მალე გამოვა ამ ბურუსიდან. ეს განსაკუთრებულობა კი ვფიქრობ ჩვენშია! ! !

პატივისცემით,
გიო