Saturday, August 3, 2013

ჩემი წლიური ანგარიში

უფ რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.
არ მიყვარს პოსტაობა და თითქოს ინტერნეტსაც ნაკლებად ვუზიარებ ჩემს შეხედულებებსა თუ პირად ინფორმაციებს.
პოსტის დაწერის იდეა კი, ორი დღის წინ გამიჩნდა. გუშინ ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ჩემი მეორე სამშობლოდან საბერძნეთიდან დავბრუნდი. ერთი წელი, ვისთვის ბევრი და ვისთვის არაფერი. ჩემთვის კი ნამდვილად გრძელი ერთი წელი, ვინაიდან წინა წელი აბსოლუტურად სხვა სამყაროში გავატარე. სამყაროში სადაც არ არის ქაოსი, არეულობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჭიდილი. ეს მე როგორც სტუდენტს არასოდეს მიგვრძნია. სადაც არ არის, დარდი, ვალები, შიმშილი და მგონი სიკვდილიც კი :) ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ სალონიკში, საბერძნეთის ყველაზე ახალგაზრდულ ქალაქში სიკვდილი აღარ არსებობდა :) თუმცა ეს სხვა თემაა...
დავბრუნდი და უკვე ერთი წელია ისევ იმ ქალაქში დავაბიჯებ, სადაც მთელი 26 წელი გავატარე. თელავი - ეს ჩემი ქალაქია. სადაც არ უნდა გავექცე, რამდენადაც არ უნდა დავიწუნო და ავითვალწუნო, ჩემია. დაბრუნებისთანავე შევურიგდი ამ აზრს და შევეცადე ნაყოფიერად მაინც გამეტარებინა დრო თითქოსდა უნაყოფო და პროვინციულ ქალაქში. იმედია თელაველები არ მიწყენენ, რას ვიზავთ ასეა მეგობრებო, ეს ქალაქი ერთი  ჩვეულებრივი პროვინციული ცენტრია. თუმცა ესეც სხვა თემაა. . .
ერთლიანი მუშაობის შეჯამება ერთგვარი აზრზე მოსვლის საშუალებას წარმოადგენს ჩემთვის. აი ისეთ ილია რომ ამბობდა: "ყოველ ღამეს შენ თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგეო".მე კი  დღე წელზე დავახურდავე. ჩემი წლიური ანგარიში იქნება პირველ რიგში ანგარიში საკუთარ თავთან, საკუთარ მესთან -  რა გამომივიდა და რა, არა. ეს არის  სარკე და კარგი იქნებოდა მსგავს ანგარიშებს თუ ხშირად ჩავაბარებთ ყოველი ქართველი საკუთარ თავს, ოჯახს და მეგობრებს. ეს ჩვენ ტრადიციულ ქართულ უთავბოლობას ბოლოს მოუღებს, ვინ იცის იქნებ ორგანიზებულობის უნარმაც გაიღვიძოს და სწორად დაგეგმვისა და სწორად გადაწყვეტის ნიჭიც გაგვიძლიეროს ქართველებს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მტკიცედ გადავწყიტე, ყოველი წლის აგვისტოს პირველ კვირას გავაანალიზო გასული ერთი წელი და მისით მიღებული დასკვნებით დავგეგმო ახალი. ;)
სიტყვა გამიგრძელდა და მოდი გადავალ მთავარ თემაზე. ხოლო ტრაბახში რომ არ ჩამომერთვას, დავწერ მხოლოდ მშრალ ფაქტებს ყოველგვარი კომენტარების გარეშე. ;)

სამსახური:
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრაფიკული უზრუნველყოფა (ბროშურები, ბუკლეტები, ბანერები, სიგელები) 
წიგნი "დედლაინი" - კომპიუტერული უზრუნვეყოფა, დაკაბადონება
უნივერსიტეტის ვებ-გვერდის რეორგანიზაცია, ფოტო მასალით უზრუნველყოფა
უნივერისტეტის სარეკლამო აქციები სკოლებსა და  სოციალურ ქსელში
კინო კლუბის დაარსება და ყოველკვირეული კინო სეანსები


EXTRA სამუშაო

ვიდეო:
გოუ ჯგუფი - დოკუმენტური სერიები "თელავური სერიების" ახალი სერია
კახეთის სამოქალაქო ლიგა - დოკუმენტური ფილმები პროექტებზე -"მე საქართველოს მოქალაქე ვარ" და "ახმეტის ახალგაზრდა პოლიტიკოსები"


ღონისძიებები:
თელავის ახალი წლის კონცერტი - წამყვანი
რჩეული მარანი - საახალწლო ღამე - წამყვანი
საქართველოს ბანკის და იუსტიციის სახლის VIP  წვეულებები - ორგანიზატორი, წამყვანი
ანსამბლი გრაციის კონცერტი - წამყვანი

ტრენინგები:
NIMD-ის დემოკრატიის სკოლის მესამე გამოშვება - მსმენელი
UNDP-ის ტრენერების ტრენინგების ციკლი "მამაკაცური საუბრები"

ჰობი:
მუსიკა და ვიდეო
Seqtori 03 - ის სიმღრების დისკოგრაფია
Seqtori 03 - ის და ხოსეს სამი ვიდეო კლიპი (სცენარი, რეჟისურა) და პრომოუშენი 
Seqtori 03 და მე -  სიმღერა  "შენ თუ მე"
გიტარის შესწავლა

http://youtu.be/oymnUiplgeo

პოეზია

ახალი ლექსები და პოეზიის საღამოები

ბერიკები
პროექტის იდეა, ქასტინგი, ფოლკლორული პიესა 
სხვადასხვა ღონისძიებები ბერიკებთან ერთად
პიარ მენეჯმენტი, პროდიუსინგი, სიმღერა - ბანი



პროგრამები
Adobe Illustrator
Adobe Premiere


ესენია პროექტები თუ აქტივობები რაც მე ერთი წლის მანძილზე განვახორციელე. ზოგიერთი მათგანი გამოვიდა (ბერიკები), ზოგიც არა (უნის კინო კლუბი). ზოგი უკვე დამთავრდა (დოკუმენტური ფილმები) და ზოგიც გრძელდება (გრაფიკული კომპიუტერის და გიტარის შესწავლა). თუმცა ჩემთვის მთავარია, რომ აქტიურად ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. ამას ვინმეს თავის მოსაწონად კი არ ვაკეთებ არამედ იმისთვის, რომ თავი ვიგრძნო ბედნიერად. რომ დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მეც შემიძლია რაღაც, რომ ამ ქალაქშიც შეიძლება რაღაცის კარგად კეთება, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა და სხვაზე დამოკიდებულება და სხვის ხელებში ყურება დამღუპველია.
ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები მარტო არ შემიქმნია და მინდა ყველას ვინ გვერდით მედგა გულთბილი მადლობა გადავუხადო. იმედია ჩვენ კიდევ ბევრს შევქმნით ერთად. შევქმნით ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისა თუ ქვეყნისთვის და იმედია რომ არცერთ ჩვენთაგანს საზღვარგარეთ გასაქცევად არ ექნება საქმე. მე პირადად არ ვაპირებ წავიდე, რადგან ვგრძნობ რომ დღეს თელავი ჩემზე, ჩემს თაობაზე და ჩემს მეგობრებზე დგას. თელავი, რომელსაც ისევე უჭირს როგორც ყველა სხვა პროვინციულ ქალაქს, მაგრამ აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც იმედს იძლევა, რომ ის მალე გამოვა ამ ბურუსიდან. ეს განსაკუთრებულობა კი ვფიქრობ ჩვენშია! ! !

პატივისცემით,
გიო










Sunday, April 7, 2013

ესე ამბავი თელავი უნისა . . .

             გამარჯობა, მე გიო ვარ, უცხო.
             უცხო თუ არ დავამატე, ხშირად ტელეფონზე ვერ მცნობენ. ერთმა მითხრა, რას ბოდიალობდი გიორგი ბეჟანიშვილი, პირადაპირ გეთქვა უცხო ვარო. უცხოს უფრო ცნობენ ვიდრე გიოს (რა დრო დაგვიდგა)

              დიდი ხანია აღარ დამიწერია. ზოგადად ბლოგერობა 2 წლის წინ დავიწყე, საბერძნეთში. თელავში ჩამოსულს არც კი მეგონა თუ ისევ დავუბრუნდებოდი. დაბრუნება კი ერთმა თემამ შთამაგონა. თემა რომელზეც ქვემოთ წვრილად უნდა გესაუბროთ, ასე რომ თუ თქვენი ნებისყოფის იმედი არ გაქვთ უბრალოდ დახურეთ გვერდი :) და სანამ თემაზე გადავალ მინდა დაგპირდეთ, რომ შიგადაშიგ დავპოსტავ ხოლმე. დავპოსტავ ჩემზე, ჩემს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, თელავზე, თელავის უნივერსიტეტზე და ა.შ. მოკლედ ყველა იმ საგანზე რაც მაინტერესებს ან მტკივა (ან თუნდაც მიხარია, რატომაც არა).

             თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლიდან ვმუშაობ. წინა ისტორიები არაა საჭირო ამ შემთხვევაში. 2011 წლის იანვარში გამიჩნდა იდეა თელავის უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდი შემექმნა. მე თვითონ ფეისბუქს 2009 წლის 15 სექტემბერს შევუერთდი. ვფიქრობდი უნივერსიტეტის ცნობადობას ასე უკეთ ავამაღლებდით. იდეა გავამხილე უნივერსიტეტში. ის ასევე ვუთხარი უნივერსიტეტში პროექტ "BOMUP''-ის განმახორციელებელს და ჩემს მეგობარს დენიელ ბირკენმაიერს. მახსოვს საჩაიეში ვისხედით ავთოსთან, ლუდს მივირთმევდით. დენიელს ეს იდეა მოეწონა და დახმარებაც აღმითქვა. გადაწყდა რომ პროექტის ფარგლებში მე და კიდევ 4 მოხალისე სტუდენტს გამოეყოფოდა ჰონორარი და გვერდს ასე რომ ვთქვათ დამატებითი მოტივაციის გაზრდით უკეთ ავამუშავებდით. თანხა სულ რაღაც 60 ლარი იყო, ხელზე ასე 45 გამოდიოდა. თანხას ფოლცვაგენის ფონდი იხდიდა და არა უნივერსიტეტი. მე ამასობაში 2011 წლის 17 თებერვალს,  დავაარსე ოფიციალურად ფეისბუქის გვერდი და დავწერე კიდეც "რომ ეს არის უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი".


             ეს სურათი ჩემი მეუღლის ფეისბუქიდან გადავიღე ამაწლის 20 მარტს , მაშინ , როდესაც ჯერ კიდევ არ ქონდა ამჟამინდელ ბატონ "ადმინს" წაშლილი პირველი პოსტი და ქეთი შავერდაშვილის კომენტარი.

           მოკლედ რომ ვთქვა გვერდი ამუშავდა.

            სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ როდესაც ეს გვერდი დავამზადე, ვმუშაობდი პიარ სამსახურში. უნივერსიტეტში პიარზე და საზოგადოების ინფორმირებაზე ამ ბოლო ორი წლის მანძილზე ორი სამსახური მუშაობდა. ესენია - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და საერთაშორისო ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახური. სწორედ ამ უკანასკნელი სამსახურის უფროსი გახლდათ ბატონი ავთანდილ ფანგანი  2011 წლის დასაწყისიდან (თვე ზუსატად არ მახსოვს, ალბად იანვარი) 2012 წლის 1 დეკემბრამდე. ეს ორი სამსახური ზრუნავდა თქო ტყუვლად არ მიხსენებია. ვებ გვერდი, რომელიც პიარს ექვემდებარებოდა 2012 წლიდან გადავიდა სტრატეგიული სამსახურის ხელში, თუმცა ეს სხვა თემაა. მოკლედ მე როცა გვერდი შევქმენი არანაირი დამოკიდებულება არ მქონდა სტრატეგიულთან. უბრალოდ ახალი მოსული იყო ავთო ფანგანი და მისი იდეა "თესაუს" დარქმეოდა "თელავი უნი" და მომხდარიყო რებრენდინგი მომეწონა და გვერდსაც "Telavi Uni"  დავარქვი. დავარქვი და შევქმენი მე. კარგად დაიმახსოვრეთ და ჩაიბეჭდეთ, იმიტომ, რომ შეიძლება მოისიმინოთ ისტორია თითქოს მან და მისმა გუნდმა შექმნა გვერდი. მისი იყო მხოლოდ რებრენდინგის იდეა. ჩემი იყო გვერდი, ადმინები, პოსტები, აქტივობები, რამაც პიარის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, კიდეც დაიწყო რებრენდინგი უნივერსიტეტის და ავთოს იდეის.

            გამოხდა ხანი. გვერდის ლაიქერების რაოდენობა გაიზარდა. 2011 წლის აგვისტოში გავიგე, რომ მივემგზავრებოდი სასწავლებლად საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში. სხვათაშორის ისევ სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ეს ამბავი ავთომ მაცნობა. ძალიან გახარებული ვიყავი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საბუთები გაცვლით პროგრამაში ჯერ კიდევ მაშინ შევიტანე, როცა საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურს ქალბატონი მარინა ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. ავთოს დროს იგივე საბუთები და გასაუბრების ქულები ახლიდან შევიტანე, ვინაიდან წინა გასვლაზე ჩემი კანდიდატურა არ მიიღეს. როგორც ბატონი ავთო ამტკიცებს მისი დამსახურებაა, რომ მე საერთოდ წავედი, მაინტერესებს ეს დახმარება რაში გამოიხატება? საბუთები იგივე იყო რაც წინაზე და თუ მან მიიღო საბერძნეთის მაგივრად გადაწყვეტილება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში საბერძნეთში ჩემი პროექტის არც ერთ ხელმძღვანელს არასოდეს უხსენებია ბატონი ავთო და მისი ღვაწლი და ამაგი ჩემს მიმართ, რაც საფუძვლიან ეჭვს მიჩენს მისი დამსახურების შესახებ ჩემს მიმართ.

         ასე იყო თუ ისე, მე ოქტომბრის პირველში უკვე სალონიკში ვიყავი. იქიდან ვაქცევდი ყურადღებას გვერდს. თანხა ისევე , როგორც სხვა ადმინისტრატორებს გვერიცხებოდა შეუფერხებლივ გერმანული მხარის მიერ. მახსოვს კიდეც როგორ დამირეკა ხათო აბაშიძემ, პროექტის წარმომადგენელმა ერთხელ საბერძნეთში და ჩვენ გავაგრძელეთ ხელშეკრულება. მე შემიძია ბატონ ავთოს რომელიც გულგრილობაში და გვერდისადმი უყურადღებობაში მდებს ბრალს წარვუდგინო ეს ხელშეკრულებები, რომლებიც დაწყების დღიდან არ შემწყდარა. და მე აქ ჩავეკითხებოდი მას: თუ არ ვასრულებდი ჩემსზედ დაკისრებულ მოვალეობებს ამ პროექტის და ხელშეკრულებების ფარგლებში, რატომ არ შემიჩერეთ ის თქვენ, რომელიც მაშინ მთელს სამსახურს და ლამის უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდით?

         2012 წლის აპრილ-მაისის თვეში ვმოგზაურობდი საბერძნეთის ჩრდილოეთით ჩემი საკვლევი თემის ფარგლებში. სწორედ მაშინ ერთ დღესაც დამირეკეს უნივერსიტეტიდან, ალბად ავთო იყო, ან რომელიმე მისი სამსახურიდან, თუ საჭირო გახდა დავაზუსტებ და მთხოვეს ავთანდილ ფანგანი დამენიშნა გვერდის ადმინისტრატორად. დანიშვნიდან მოკლე ხანში აღმოვაჩინე, რომ მე წაშლილი ვიყავი გვერდის ადმონობიდან და მართვის ყველა ფუქცია მქონდა ჩამორთმეული. ეს ის დროა, როდესაც უნივერსიტეტის პიარ ფუნქციები თითქმის სრულად აიღო თავის თავზე სტრატეგიული განვითარების სამსახურმა. ამასთან დაკავშირებით არავითარი პროტესტი არ გამომითქვამს, პირიქით გამიხარდა კიდეც, რომ უნივერსიტეტმა ჩაიბარა გვერდი დროებით, ვინაიდან ჩემი თემის დაცვის დროის მოახლოვებასთან ერთად ჩემი თავისუფალი დროც  მცირდებოდა. თუმცა მე არ ჩამოვშორებივარ "BOMUP''-ის გვერდის მართვას ფეისბუქში, რომელიც ცალკე იყო გახსნილი და ზოგადად ამ პროექტისათვის დახმარების გაწევას ტექნიკური (უფრო ზუსტად კი ციფრულ-გრაფიკული) თვალსაზრისით.

                1 აგვისტოს მე დავბრუნდი. გამოვცხადდი უნივერსიტეტში და მოვითხოვე თავის აღდგენა. რადგან მე მქონდა უფასო შვებულება და მეკუთვნოდა ჩემს კუთვნილ ადგილას დაბრუნება. მართალია ბატონი ავთო ამტკიცებს, თითქოს მე გაგდებული ვიყავი და მან შემიფარა, მაგრამ ეს სიცრუეა. მე მაქვს ხელთ როგორც ბრძანება ჩემს შვებულებაში გაშვების თაობაზე, ასევ ბრძანება აღდგენის შესახებ. მე დამაბრუნეს უკან და ავთომ ამიყვანა სამსახურში. ეს კი სრული სიმართლეა, როცა ის ამბობს მე მიგიღეო. მან პირდაპირ ამიხსნა, რომ რექტორს ჩემი აღდგენა მან შესთავაზა. შესთავაზა, იმიტომ, რომ ვჭირდებოდი. იცოდა რა ჩემი საქმისადმი დამოკიდებულებისა და გამოცდილების შესახებ ამიყვანა თავის სამსახურში, თუმცა მის გარეშეც მე პირდაპირ მეკუთვნოდა უნივერსიტეტში პიარ სამსახურში აღდგენა.

             მის სამსახურში დაალოებით  3 თვე გავატარე და არასოდეს გვქონია პრობლემა ან კონფლიქტი. პირიქით ძალიან ნორმალური დამოკიდებულება გვქონდა. მე საერთოდ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. რასაც მავალებდნენ, პროგრამულად ვამუშავებდი და ვაბარებდი. არ ვერეოდი უნივერსიტეტის შიგნით გაღვივებულ შუღლსა და ინტრიგის ხლართებში. ასეთები კი გიყვარდეთ იმდენი იყო . . .
             მოკლედ ავთანდილ ფანგანი დეკემბრის პირველში დაითხოვეს. მალე მოვიდა ახალი წელი. შემდეგ დაემთხვა არდადეგები, შემდეგ ჩემი პირადი პროექტები და უკვე თებერვლის ბოლოს დავიწყე ფეისბუქის გვერდის "Telavi Uni"-ის მოკითხვა. მაშინ, როდესაც მე ისევ გადმომიყვანეს პიარის სამსახურში და ჩამაბარეს უნივერსიტეტის ვებ გვერდი და სოციალური მედია. გავიკითხე და აღმოჩნდა, რომ გვერდის ადმინისტრატორი  უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი ავთანდილ ფანგანია. შორიდან შევუთვალეთ გვერდის დაბრუნება და დავამატე, რომ გვერდი ჩემი შექმნილი იყო და ის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რაზეც პასუხი მივიღე, რომ თითქოს გვერდი მან შექმნა.

               ტყუილი! ტყული! ტყუილი!  - გვერდი მან შექმნა!

               შემდეგ პირად საუბარშიც დამიდასტურა, რომ მან შექმნა. ასე თქვა, ეგ შენი შექმნილი გვერდი გვერდზე მოვისროლეო, 16 ლაიქერი ყავდაო, არადა  ზუსტად მახსოვს მე როცა გადავეცი 600-მდე ლაიქერი ყავდა. ალბად 60 იყოვო, შემეშალაო, მაგ გვერდიდან ყველაფერი დავაექსპორტე და გადმოვიტანე ახალშიო. ანუ ჩემს მიერ 2011 წლის 17 თებერვალს შექმნილი გვერდი გადააექსპორტა მის მიერ შექმნილ გვერდზე, რომელიც ვერ შეიქმნებოდა 2012 წლის აპრილ-მაისი თვეზე ადრე, ვინაიდან მას მანამდე არ ქონდა ადმინობის უფლება და წვდომა ყველა იმ ინფოზე რაც შიგნით ვწერეთ მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი ამ ერთი წლის მანძილზე. და მივიღეთ ასეთი სურათი

"ჩემი შექმნილი გვერდი"



და "მისი შექმნილი გვერდი" (2012-ში რო გადავაბარე მე მას შემდგომ)



:D

               ბოლოს ასეთი რამ მითხრა, როცა "დამაჯერა", რომ გვერდი მან შექმნა. გახსენით ახალი გვერდი, ალტერნატიული და დაარქვით მას თესაუ. რატომ ეძახით ამ გვერდს ოფიციალურს, ეს ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერო.

ორი გვერდი, ორი რეალობა.

             რატომ არ გვინდა 2 გვერდი:
             პირველი, რომ ვისაც კი ამ 2 წლის მანძილზე ჩვენთან ჩაუბარებია ან დაუმთავრებია ყველა მანდაა მიბმული და ასეთ ბაზას ვერ დავკარგავთ და მეორე და მთავარი!  უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი ოფიციალური გვედი შეიძება ქონდეს!

              უკვე ორი თვეა რაც გვერდი აქტიურად მუშაობს ყოფილი თანამშრომლის ხელში, უნივერსიტეტში კი მღელვარება იზრდება.  ადმინისტრატორი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინოს, ამხილოს და გამოააშკარაოს ყველა დამნაშავე, უნივერსიტეტის დამანგრეველი და გათახსირებული! დაიჭიროს შავი კატა ბნელ ოთახში და თქვენ წარმოიდგინეთ ეს კარგადაც გამოსდის შიკრიკთა დახმარებით (თავს ვეღარ ვიკავებ, ირონიის გარეშე რაა ბლოგინგი). მოკლედ თელავი უნიზე დამყარდა საუკეთესო დემოკრატია, როგორც ნაცების შემდგომ საქართველოში. :)))

              მოკლედ მე არ მიყვარს ბევრი ლაი-ლაი ფეისბუქში. ხაზს ვუსვამ ჩემი ექაუნთი, რომელიც 5 თვე გაუქმებული მქონდა სწორედ ამ გვერდის დასაბრუნებლად აღვადგინე.

               მაქვს ერთი მოთხოვნა - დაუბრუნოს ავთანდილ ფანგანმა გვერდი უკან მის დამაარსებელს. დაუბრონოს ის მის კანონიერ წარმომადგენელს - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს!

               მაქვს ორი არგუმენტი:
               პირველი - გვერდი ჩემი ექაუნთიდან შეიქმნა.
               მეორე - უნივერსიტეტის პიარში ახლა მე ვმუშაობ და არა ის. სამწუხაროდ სიტუაცია ახლა მასზე დგას. აბა გვერდს არ აქვს ენა რომ აირჩიოს და გვიპასუხოს მარტივ შეკითხვაზე - დედა უფრო გიყვარს თუ მამა?

               ისე კი არჩევანში დარწმუნებულ ბატონ "ადმინს" პასუხი არ ესიამოვნებოდა ვფიქრობ :)

              და შენ როგორ ფიქრობ?